„ბი ბი სის“ ინფორმაციით, ალან ჟეამი საფრანგეთში 20 წლის ასაკში უფულო და ენის უცოდინარი ჩავიდა. მან კარიერა ჭურჭლის მრეცხავობიდან დაიწყო და ღამეებს პარიზის ერთ-ერთ პარკში, სკამზე ათევდა.
მზარეულად მუშაობა მან უბედური შემთხვევის წყალობით დაიწყო - ერთ დღეს, რესტორანში, სადაც ჭურჭელს რეცხავდა, შეფ-მზარეულს ხელი გაეჭრა და სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ალან ჟეამი იძულებული გახდა რესტორნის კლიენტებისთვის საკვები თავად მოემზადებინა. ცოტა ხნის წინ კი მან ტრიუმფალური თაღის მახლობლად საკუთარი რესტორანი გახსნა.
„ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ „მიშლენი“ დაინტერესდებოდა ჩემნაირი თვითნასწავლით, რომელსაც 20 წლის ასაკში ქუჩაში ეძინა და კარიერა ჭურჭლის რეცხვით დაიწყო. ვფიქრობდი, რომ „მიშლენი“ მხოლოდ მსხვილი და მდიდრული რესტორნებით ინტერესდებოდა, ან იმ მზარეულებით, ვინც დიდ ოსტატებთან სწავლობდნენ. პირიქით ყოფილა და ეს სასიამოვნო სიურპრიზია“, – ამბობს ალან ჟეამი.
„მიშლენი“ ან „წითელი მეგზური“ მსოფლიოში კულინარიის სფეროში ყველაზე ცნობილი და გავლენიანი რეიტინგია, რომელიც 1900 წლიდან გამოიცემა. ამ წოდების ფლობა დადებითად აისახება რესტორნების ფინანსურ მდგომარეობაზეც.